საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ახალი ეტაპია 2026 წლიდან ECMT ნებართვის პროცედურები ელექტრონულ ფორმატზე გადადის.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველები 2026 წლიდან ECMT ნებართვისთვის საჭირო პროცედურების შესრულებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ
2026 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სანებართვო სისტემის წევრი 43 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატზე გადადის – ახალი პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო გადაზიდვების პროცესში ჩართული პირები სატრანსპორტო ოპერაციის საჭირო პროცედურების შესრულებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.
აღნიშნული ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზანია ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესის უფრო ეფექტური და თანამედროვე ფორმატზე გადაყვანა. დაგეგმილია მოკლევადიანი გარდამავალი პერიოდის მიღებაც, რათა წევრმა ქვეყნებმა შეუფერხებლად შეძლონ ახალი სისტემის მოთხოვნებთან ადაპტაცია.
ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე ECMT-ის მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო წიგნების გაცემის, განაწილებისა და კონტროლის ყველა ეტაპი მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცედურებს, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და შექმნის უფრო უსაფრთხო და მოქნილ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გადამზიდველებისთვის.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველები დროულად ჩაერთონ ახალ სისტემაში და სრულად გამოიყენონ მისი შესაძლებლობები.