საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები ხშირად მოითხოვს მრავალი ქვეყნის გავლით ტვირთის გადაადგილებას. თითოეულ საზღვარზე საბაჟო პროცედურები, დოკუმენტაცია და შემოწმებები შეიძლება გახდეს დროისა და ხარჯების მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ამ გამოწვევის გადასაჭრელად შეიქმნა TIR სისტემა (Transports Internationaux Routiers) _ საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ამარტივებს და აჩქარებს სატრანსპორტო პროცესს მსოფლიოს მასშტაბით.
რა არის TIR სისტემა?
TIR სისტემა _ ეს არის ერთიანი საბაჟო პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და გამჭვირვალე გადაადგილებას ქვეყნების შორის.
სისტემა მოქმედებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგულირდება გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ.
TIR_ის ფარგლებში ტვირთი გადაადგილდება დალუქულ სატვირთო ერთეულში, ხოლო მძღოლი ფლობს საერთაშორისო საბაჟო წიგნაკს – TIR Carnet_ს, რომელიც მოქმედებს როგორც ერთიანი საბაჟო დოკუმენტი ყველა მონაწილე ქვეყანაში.
როგორ მუშაობს TIR სისტემა?
TIR Carnet_ის მეშვეობით ტვირთი გადის საზღვრებს ისე, რომ ყოველი ქვეყნის საბაჟო ორგანო აღარ ატარებს სრულ შემოწმებას. ტვირთი მოწმდება მხოლოდ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯს.
საბაჟო მექანიზმი და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხოებას, გამორიცხავს უნებართვო ჩარევას და ამცირებს საბაჟო რისკებს.
რატომ არის TIR სისტემა მნიშვნელოვანი?
TIR სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ლოგისტიკაში და უზრუნველყოფს:
- დროისა და ხარჯების შემცირებას _ მინიმუმამდე დაყვანილია საბაჟო ლოდინი და ადმინისტრაციული პროცედურები.
- გადაზიდვის გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას _ ტვირთი დალუქულია და დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- საბაჟო პროცესების გამარტივებას _ ერთი დოკუმენტი მოქმედებს მრავალ ქვეყანაში.
გლობალური სტანდარტის დაცვას _ TIR აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, რაც უზრუნველყოფს სანდოობასა და ეფექტიანობას.